ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო გუშინდელი დღიდან სოციალურ ქსელში განხილვის საგანია. საქმე იმაშია, რომ მას შემდეგ რაც, პრეზიდენტმა მოსმენების კანონს ვეტო დაადო, აღნიშნული ნიუსის ქვეშ საკრებულოს ოფიციალური გვერდის სახელით სალომე ზურაბიშვილის მისამართით შეურაცხმყოფელი კომენტარი დაიწერა.
“შხამად გექცეს რაც შენთვის ვიწვალე და ვიშრომეთ ქ-ნო სალომე. დღეს პრემიერის გამოსვლაც დაამუნათე. შენს რეზიდენციაში იმდენი ქმრის ნათესავები გყავს, იმათ მაინც დაუჯერე. ყოველ შენს გამოსვლაზე სისულელეებს აბრეხვებ. დაოკდი და ოცნებას და ბიძინას დილა-საღამოს სანთლები აუნთე, მანდ რომ ბრძანდები… არ გიცნობდე მაინც” – წერია პრეზიდენტის ნიუსის კომენტარებში.
AMBEBI.GE ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს მანანა ბარბაქაძეს დაუკავშირდა, რომელმაც აღიარა, რომ ეს კომენტარი თავად, ემოციურ ფონზე დაწერა:
“ეს იყო ჩემი პირადი მოსაზრება. ჩემთვის გამოხატვის უფლება არავის ჩამოურთმევია, ემოციურ ფონზე დავწერე. თუმცა ტექნიკურად მოხდა რაღაც ხარვეზი და მაშინვე გასწორდა. ეს იყო თავი და ბოლო. მე ვარ ამ ტექსტის ავტორი, ასე გამოვხატე ემოცია ჩემს პირად გვერდზე” – გვითხრა საკრებულოს თავმჯდომარემ.