დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბათუმს ჩაკეტვა არ ემუქრება. მოქალაქეებმა კი ვინც იქ იმყოფება ტესტირება უნდა ჩაიტარონ.
„ბათუმს ჩაკეტვა არ ემუქრება. ბათუმში ჩვეულებრივი ცხოვრება გაგრძელდება. კორონავირუსზე ტესტის ჩასატარებლად ბულვარში განთავსებულია რამდენიმე კარავი, გარდა ამისა 5 კლინიკა იწყებს გაფართოებულ ტესტირებას. დაახლოებით 1800 ტესტის გაკეთების საშუალებაა ყოველდღიურად.
„ვინც იყო დონაში მათ შეუძლიათ ყველანაირი ანაზღაურების გარეშე. ნებაყოფლობით მივიდნენ ტესტის ჩასატარებლად სამედიცინო დაწესებულებაში და გარდა ამისა აწარმოონ თვითმონიტორინგი. ეს ნიშნავს, რომ ხველის, სუნთქვის გაძნელების ან ტემპერატურის შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს და ჩაიტარონ გამოკვლევა. კრიტიკულია მე-3, მე-8 დღეებს შორის პერიოდი. ასევე მნიშვნელოვანია, ვინც თბილისში ჩამობრძანდა ბათუმიდან და აქვს დონაში ყოფნის ისტორია ჩაიტარონ თვითმონიტორინგი და რაიმე სიმპტომის გაჩენის შემთხვევაში დარეკონ 112-ზე და მიმართონ სამკურნალო დაწესებულებას“,_ განაცხადა გამყრელიძემ.
მისი თქმით, ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარება საგანგაშო არ არის და მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა ჰიგიენის, დისტანციის წესის დაცვისა და პირბადის ტარებისკენ.
ცნობისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი ინფიცირების 38 ახალი შემთხვევიდან 22 არის ბათუმის საკონდიტრო მაღაზია „დონას“ კლასტერიდან.