ენგურის ხიდზე დაკავებულ დარეჯან როგავას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 250 ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა.
დარეჯან როგავას პოლიცია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებოდა, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
დარეჯან როგავა აცხადებს, რომ თანხის გადახდას ვერ შეძლებს, რადგან საშუალება არ აქვს. მისივე თქმით, ენგურის ხიდზე აქციებს ოჯახი ისევ გააგრძელებს.
შეგახსენებთ, რომ დარეჯან როგავა ენგურის ხიდთან გამართულ აქციაზე დააკავეს.
5 აპრილს საოკუპაციო ხაზთან დაკავებული მამა-შვილის არჩილ და პაატა როგავების ოჯახის წევრები მათი გათავისუფლების მოთხოვნით შეიკრიბნენ და ცოცხალი ჯაჭვის მეშვეობით გზის გადაკეტვას ცდილობდნენ, რისი უფლებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შელაპარაკება მოხდა. სწორედ ამას მოჰყვა აქციის ერთ-ერთი მონაწილის დარეჯან როგავას დაკავება