“მორიგი შეუსრულებელი პროექტი, მოსახლეობისთვის წართმეული ლანჩხუთის ბაზრის ტერიტორია და ათობით დაკარგული სამუშაო ადგილები”,_ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილემ იგორ ნარმანიამ, ლანჩხუთის ენმ- ის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარესთან, მიშა მოდებაძესთან ერთად ბრიფინგი გამართა.
„ეს ადგილი ასახავს ფაქტს, თუ როგორ უყურებს ჩიგოგიძე, წილოსანი ამ ქვეყნის და ლანჩხუთის, გურიის მომავალს. ეს ადამიანები დღეს გვესაუბრებიან, რომ ისინი წუხან ამ მდგომარეობაზე, თუმცა მათ ამ წლების განმავლობაში არაფერი გაუკეთებიათ. იმის ნაცვლად, რომ აქ შეექმნათ საინვესტიციო გარემო, რომ დასაქმებულიყვნენ ადამიანები და ნორმალური სამუშაო პირობები ჰქონოდათ, დღეს ეს ადგილი ადამიანებისგან იცლება, ხან თხილის საკრეფად გადიან არაადამიანურ, გაუსაძლის პირობებში თურქეთში, რადგან აქ არ აქვთ ნორმალური სამუშაო პირობები. იმის ნაცვლად, რომ ვასილ ჩიგოგიძეს ეზრუნა აქაურობაზე, იმის ნაცვლად, რომ ნინო წილოსანს ეზრუნა გურიაზე, ამ ადამიანებმა იზრუნეს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ჯიბეების გასქელებაზე და იმაზე, რომ კორუფცია, ნეპოტიზმი დამკვიდრებულიყო გურიაში და მათ გარემოცვას ჰქონოდა შემოსავალი და ის კონკრეტული ბენეფიტები, რომელიც სახელმწიფოსგან უნდა მიეღო აქ მცხოვრებ ადამიანებს,” _ განაცხადა იგორ ნარმანიამ.
ბრიფინგზე განცხადება გააკეთა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა მიშა მოდებაძემაც.
“ლანჩხუთის ბაზრის ტერიტორია, რომელიც არის ვასილ ჩიგოგიძის საკუთრებაში. ეს ტერიტორია მას შეძენილი აქვს პირობიანი აუქციონით, რომლის მიხედვითაც მას აქ უნდა აეშენებინა აგრარული ბაზარი, მაგრამ ყველა კარგად ხედავს რა მდგომარეობაც არის, გეგონებათ თითქოს ჩერნობილის ტერიტორიაა. ათობით სამუშაო ადგილის შექმნაა შესაძლებელი ამ ტერიტორიის გაკეთებით და მოწესრიგებით, მაგრამ ხელისუფლება და თვითონ პირადად ჩიგოგიძეც არ აკეთებს ამას. ახალგაზრდებისგან ლანჩხუთი, ლანჩხუთის მიმდებარე სოფლები იცლება, ზოგი თურქეთში მიდის, ზოგი ევროპის ქვეყნებში სამუშაოდ, როცა ამხელა ტერიტორიაა აქ ფაქტობრივად განადგურებული, არის რკინიგზის სადგური, რომელიც ასევე განადგურებულია. ჩვენი მიზანია, რომ ამ ტერიტორიაზე დაიწყოს სამშენებლო სამუშაოები, აშენდეს და გაკეთდეს დაგეგმილი პროექტები, დასაქმდნენ ახალგაზრდები და რეგიონებიდან და ქვეყნიდან არ გარბოდნენ ახალგაზრდები სამუშაო ადგილების ძებნის გამო. ჩიგოგიძე ის კაცია, ვისაც ჩააბარეს ლანჩხუთის რეგიონი და გურია მთლიანად და მან უნდა უხელმძღვანელოს გურიის რეგიონს საარჩევნოდ და მის გაკეთებულ საქმეებს ძალიან კარგად ვხედავთ აქ,” – განაცხადა ლანჩხუთის ენმ- ის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ მიშა მოდებაძემ.