,,აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი დომინიკ რააბი რუსეთს მოუწოდებენ, უკრაინის საზღვრებთან სამხედრო კონტიგენტის მობილიზაცია შეწყვიტოს“ – ამის შესახებ reuters წერს.
როგორც გამოცემა წერს, გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა, ენტონი ბლინკენთან სატელეფონო საუბრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები.
”გაერთიანებული სამეფო და შეერთებული შტატები მტკიცედ ეწინააღმდეგებიან რუსეთის მიერ უკრაინის დესტაბილიზაციის მიმართულებით განხორციელებულ კამპანიას, მე და სახელმწიფო მდივანი ბლინკენი შევთანხმდით, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა განმუხტოს სიტუაცია და შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები. უკრაინის სუვერენიტეტის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა ურყევია“ ,- განაცხადა დომინიკ რააბმა.
როგორც reuters წერს, თავის მხრივ, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ სატელეფონო საუბრის დროს მხარეები „ცალმხრივი რუსული პროვოკაციების ფონზე უკრაინის მიმართ მხარდაჭერის მნიშვნელობაზე შეთანხმდნენ.“
”ორივე დიპლომატმა ხაზი გაუსვა იმას, რომ მოსკოვმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს სამხედრო ძალების მობილიზება და წამქეზებლური რიტორიკა”, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.