,,თუ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთს დაუსჯელად დავტოვებთ, პანდორას დიდ ყუთს გავხსნით“ – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
სახელმწიფო მდივნის თქმით, რუსეთი, თავისი ქმედებებით ამბობს, რომ ძალის გამოყენებით თავისი მეზობლების საზღვრების შეცვლა შეუძლია
ასევე ბლინკენმა აღნიშნა, რომ რუსეთს გავლენები სურს.
„უამრავი ამერიკელი კითხვას სვამს, რატომ ვართ ასე ფოკუსირებული უკრაინაზე, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, უკრაინა მნიშვნელოვანია, ჩვენ წლების განმავლობაში მხარს ვუჭერთ მის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას, თუმცა ის, რაც ხდება, გაცილებით მეტია, ვიდრე უკრაინა. ხდება ის, რომ ერთი ქვეყანა, კერძოდ რუსეთი, თავისი ქმედებებით ამბობს, რომ ძალის გამოყენებით თავისი მეზობლების საზღვრების შეცვლა შეუძლია, მეზობლების ნაცვლად შეუძლია გადაწყვიტოს, როგორი უნდა იყოს მათი გადაწყვეტილებები, ვისთან შეუძლიათ კავშირი ჰქონდეთ. რუსეთს გავლენის სფეროები სურს. თუ ამას დაუსჯელად დავტოვებთ, პანდორას დიდ ყუთს გავხსნით. ეს მხოლოდ უკრაინას არ ეხება. სხვა ავტოკრატიული ქვეყნები იტყვიან: „ჩვენს ასე გავაკეთებთ“. ეს იქნება კონფლიქტის, ქაოსის, ადამიანური ტანჯვისა და დემოკრატიის შერყევის რეცეპტი. ამიტომაც არის ეს მნიშვნელოვანი“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.