მესტიაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულების შედეგად დაწყებული ინტენსიური კვლევის შედეგებსა და საკარანტინო სივრცეებში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ საბჭოს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, თბილისში ე.წ „ცხელების ცენტრებს” სვანეთში მოგზაურობის ისტორიის მქონე 1000-მდე მოქალაქემ მიაკითხა, რომელთაგან 14 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა.
არსებული ვითარების გათვალისწინებით, მესტიის მუნიციპალიტეტში ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევები გრძელდება, ასევე ძალაში რჩება დაწესებული საკარანტინო შეზღუდვები.
ამასთან, კორონავირუსის ერთი შემთხვევა გამოვლინდა ქობულეთში. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ვირუსი კაფე „ჰავანაში” დასაქმებულ, თბილისიდან ჩასულ ქალს დაუდასტურდა. ინფიცირებულის ყველა კონტაქტი გამოვლენილია და მათ PCR ტესტირება უტარდებათ, თუმცა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოუწოდებს იმ მოქალაქეებს, რომლებიც 9, 10 და 11 აგვისტოს ქობულეთში, კაფე „ჰავანაში” იმყოფებოდნენ, ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენისთანავე, დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ 112-ს ან მიმართონ შესაბამის „ცხელების ცენტრს”.
გასული დღე-ღამის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 6 ათასამდე ტესტი ჩატარდა, ხოლო ჯამურად საქართველოში ჩატარებულია 300 ათასზე მეტი PCR ტესტი.
ამასთან, საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ ეპიდემიოლოგიური კვლევები ტარდება ყაზბეგის მუნიციპალიტეტშიც და არსებული მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე, მუნიციპალიტეტში შეზღუდვების დაწესების საფრთხე არ არსებობს, ვინაიდან ადგილზე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სრულად კონტროლდება.
საქართველოში კორონავირუსის სულ 1321 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია – 1088, ხოლო გარდაცვლილი – 17.































































