რთული კოვიდსტატისტიკის მიუხედავად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უკრაინაში მაღალი აქტივობით მიმდინარეობს. დღეს საარჩევნო უბნები დილის 8 საათზე მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიხსნა.
მოსახლეობა ქალაქის მერებსა და საკრებულოს წევრებს ირჩევს. საარჩევნო სიაში 28 მილიონზე მეტი ადამიანია რეგისტრირებული.
მოქალაქეობრივი ვალი უკვე მოიხადა ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ. საარჩევნო უბანზე მის მისვლას მცირე ინციდენტიც მოჰყვა. ერთ-ერთმა აქტივისტმა პერფორმანსის მოწყობა სცადა, თუმცა, პრეზიდენტის დაცვამ ის იმდენად სწრაფად გაარიდა ტერიტორიას, რომ მედიის წარმომადგენლებმა იმის გარკვევაც ვერ შეძლეს, თუ რის დემონსტრირება სურდა მას. თავად პრეზიდენტი მცირე დროით გაჩერდა ჟურნალისტებთან და სწრაფად დატოვა უბანი.
„ციფრებს მალე ვნახავთ. ჩემთვის, როგორც ყველა უკრაინელისთვის, მნიშვნელოვანია, ავირჩიოთ ადამიანები, რომელთაც ვენდობით. ეს ადგილობრივი არჩევნებია და მნიშვნელოვანია, თუ რას გააკეთებენ ეს ადამიანები“, – განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა.