ქართული კინოს მოყვარულებს თენგიზ მაისურაძე ყველაზე უკეთ “უდიპლომო სასიძოში” შესრულებული შერეკილი ექიმი-ფსიქიატრის როლით უნდა დამახსოვრებოდა.
ფილმის ძირითად ნაწილს მახარაძის რაიონის ერთ-ერთ სოფელში იღებდნენ. რეჟისორი ლევან ხოტივარი გახლდათ, ხოლო სცენას უბადლო ტექნიკოსი სუხოვი ანათებდა. დიპლომიანი ფსიქიატრი სოფელში ექიმად არის გაგზავნილი და ყველგან გიჟები ელანდება. სწორედ ამ დროს საწყალი ვარდენი “ჭკუიდან შეირყა” და მის საშველად თენგიზ მაისურაძის გმირს უხმეს.
ბატონი თენგიზი ამ ეპიზოდის გადაღებას მოგვიანებით ასე იხსენებდა:
“ხომ გაგიგიათ, გიჟს ისევ გიჟი თუ უშველისო. მიდის გადაღება მთელი სვლით. “მეტი სიგიჟე, მეტი სიგიჟე!” – გადმოგვძახის რეჟისორი. პირველი დუბლი დამიწუნეს. მეორეზე მეტი მოვინდომე, მაინც ჩავარდა. “მეტი გიჟი მინდა, მეტი გიჟი მინდა” – არ ცხრება ხოტივარი. – შენ გიჟი ხარ, გიჟი, უნდა დაიჯერო, თენგო, გიჟი ექიმი ხარ, გიჟი!!! – მაინც არ დამინდო ბოლოს.
მსახიობი რეჟისორს ვერასოდეს ჰკადრებს, გიჟი შენ თვითონ ხარო! მეც დავემორჩილე ბედს და “გავგიჟდი”. სუხოვმა განათება ჩართო. მე მთელი სისწრაფით ჩამოვრბივარ კიბეებზე. ძალიან მოვინდომე, ფეხი წამოვკარი და გასროლილი ქვასავით გავვარდი. დირეს მივენარცხე და მთელი გასანათებელი აპარატურა ძირს დავფინე, სუხოვის ჩათვლით. მაშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ზოგი ჭირი მართლაც მარგებელია. აპარატურის გარემონტებას მთელი კვირა დასჭირდა. ჩვენ კი ამ ხნის განმავლობაში მახარაძეში მწვადებსა და შამპანურს არ გვაკლებდნენ”.