იაპონიაში შეიქმნა რობოტი, რომელსაც შეუძლია შეზღუდული მოძრაობის ავადმყოფთა და მოხუცთა მოვლა. რობოტს აქვს უნარი, ოპერატორის ბრძანების შესაბამისად, აიყვანოს და გადააადგილოს უნარშეზღუდული ადამიანები.
„ელექტრონული მედიცინის ძმის“ შექმნაში მონაწილეობა მიიღეს ახალი ტექნოლოგიების ლაბორატორია „რიკენმა“ და კომპანია „ტოკაი რაბერ ინდუსტრიესმა“.
რობოტი, რომელსაც სახელად „რიბა“ ეწოდა, იწონის 180 კილოგრამს, მისი სიმაღლე კი 140 სანტიმეტრია. მას შეუძლია, საკმაოდ ადვილად და „ფაქიზად“ ასწიოს და გადაიყვანოს 120-კილოგრამიანი პაციენტი. მოწყობილობა მოძრაობს ნიკელ–ჰიბრიდული ბატარეის საშუალებით, რომელიც მის პლასტმასის კორპუსშია ჩამონტაჟებული.
ოპერატორის ხმოვანი რეკომენდაციებით „რიბას“ შეუძლია, თავისი ხელებით, რომლებიც 400 სენსორითაა აღჭურვილი, თავისუფლად გააკეთოს ის კონკრეტული დავალება, რომელსაც პაციენტი თვითონ „უკარნახებს“. ელექტრონული რობოტი–მომვლელის პრეზენტაცია ნაგოიაში 27 აგვისტოს ჩატარდა.
კომპანია „ტოკაი რაბერი“ ახალი რობორტის კომერციულ გამოშვებას გეგმავს. მისი ღირებულება ადგილობრივ ბაზარზე რამდენიმე მილიონი იენი იქნება.