ეუთოს წევრმა 24-მა ქვეყანამ საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევების შესასწავლად მოსკოვის მექანიზმი აამოქმედა _ შეიქმნება ექსპერტთა მისია.
მექანიზმის ამოქმედებას მხარი დაუჭირეს ქვეყნებმა:
ალბანეთი, ავსტრია, ბელგია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, კანადა, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, გერმანია, ირლანდია, ისლანდია, ლატვია, ლიხტენშტაინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ნორვეგია, სლოვენია, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო და შვედეთი.
ერთობლივ განცხადებაში წერია:
„როგორც ეუთოს მონაწილე სახელმწიფომ, საქართველომ აიღო ვალდებულება, დაიცვას ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები. მან ასევე აღიარა, რომ ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემა არის მშვიდობის, სამართლიანობისა და კეთილდღეობის აუცილებელი ფაქტორი, რაც საჭიროა სახელმწიფოებს შორის მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განვითარების უზრუნველსაყოფად.
2024 წლის დეკემბერში 38-მა მონაწილე სახელმწიფომ აამოქმედა ეუთოს ვენის მექანიზმი, რათა გამოეხატათ შეშფოთება საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და გამოეთხოვათ დამატებითი ინფორმაცია.
თუმცა, ჩვენი შეშფოთება საქართველოს ხელისუფლების მიერ საერთო ვალდებულებებისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით მხოლოდ გაიზარდა.
ჩვენ მხედველობაში ვიღებთ საქართველოს პასუხს 2024 წლის ვენის მექანიზმის ფარგლებში დასმულ კითხვებზე და მოვუწოდებთ საქართველოს, ითანამშრომლოს მისიასთან და ხელი შეუწყოს მის მუშაობას მოსკოვის დოკუმენტის მე-6 პარაგრაფის შესაბამისად. ასეთი ჩართულობა იქნებოდა კეთილი ნებისა და კონსტრუქციული და ღია დიალოგისთვის მზადყოფნის დემონსტრირება“.
ეუთოს მოსკოვის მექანიზმი 1991 წელს ამოქმედდა. როგორც ვენის, ისე მოსკოვის მექანიზმი შეიქმნა ადამიანის უფლებების შესაძლო დარღვევების გამოძიების მიზნით.
ეუთოს მოსკოვის მექანიზმი შესაძლებლობას აძლევს ეუთოს წევრ ქვეყნებს, გამოიძიონ „სერიოზული ბრალდებები ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ“ ამა თუ იმ ქვეყანაში, ამ ქვეყნის ოფიციალური ნებართვის მიუხედავად.






























































