კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკრაინაში საომარი მოქმედებების შეწყვეტას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამაგრებას სთავაზობს. ამის შესახებ Ukrainska Pravda პრიგოჟინის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.
„[რუსეთის ფედერაციის] ხელისუფლებისთვის და მთლიანობაში, საზოგადოებისთვის აუცილებელია, სპეციალურ სამხედრო ოპერაციას წერტილი დაესვას. იდეალური ვარიანტი იქნება სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასრულებულად გამოცხადება და ყველასთვის იმის შეტყობინება, რომ რუსეთმა მიაღწია იმ შედეგებს, რომელთაც გეგმავდა, რაღაც გაგებით, ჩვენ მართლაც მივაღწიეთ ამას – გავანადგურეთ უკრაინელი ჯარისკაცების დიდი რაოდენობა და შეგვიძლია, ჩვენს თავს ვუთხრათ, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის მისია შესრულებულია.
თეორიულად, რუსეთმა უკვე დასვა ეს წერტილი უკრაინაში მამაკაცების აქტიური ნაწილის განადგურებით და მოსახლეობის სხვა ნაწილის დაშინებით, რომლებიც ევროპაში გაიქცნენ. რუსეთმა გაჭრა აზოვის ზღვა და შავი ზღვის დიდი ნაწილი, უკრაინის წაართვა ტერიტორიის მსუყე ნაწილი და სახმელეთო დერეფანი შექმნა ყირიმში“, – ნათქვამია წერილში. ცნობისთვის, ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი, ბრიტანული დაზვერვის სამსახური და უკრაინული მხარე დიდი ხანია ავრცელებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ვაგნერის მებრძოლების მნიშვნელოვანი ნაწილია ლიკვიდირებული და აქტიურად მიუთითებენ იმაზე, რომ კრემლი პრიგოჟინს პუტინის რეჟიმის საფრთხედ აღიქვამს.