დეპუტატ რომან გოცირიძის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნულ ბანკს ნაყიდი 7 ტონა ოქრო ქვეყანაში ვერ შემოაქვთ. როგორც გოცირიძე წერს, სადეპუტატო შეკითხვაზე, თუ რატომ ფერხდება ძვირფასი ლითონის შემოტანა, სებ-მა არ უპასუხა და მიზეზად “სახელმწიფო საიდუმლოება” დაუსახელა:
“ეროვნულ ბანკს 7 ტონა ოქრო ვერ ჩამოაქვს საქართველოში და სადეპუტატო კითხვაზე, თუ რა მიზეზით ხდება ეს, უარს გვეუბნება პასუხის გაცემაზე, რადგან სახელმწიფო საიდუმლოებააო. აბსურდია, რა თქმა უნდა ეს. ამით თავიანთი არაპროფესიონალიზმი უნდათ რომ რომ დამალონ.
სინამდვილეში, როგორც ირკვევა, ეროვნულმა ბანკმა ოქრო ისე იყიდა, რომ არ ჰქონდა მისი საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის პირობებში შენახვის შესაძლებლობა. ეს ფაქტი დაადგინეს თბილისში ჩამოსულმა საერთაშორისო ექსპერტებმა. მათი რჩევით, შესაბამისი საცავის მომზადებამდე, ოქროს ჩამოტანა გადაიდო.
როგორც ირკვევა, საქართველოს ეროვნულ ბანკში არსებულ პირობებში შენახვისას ოქრო დაკარგავს თავის საბაზრო ღირებულებას.
ოქრო უნდა ინახებოდეს არაუმეტეს 15-20 გრადუსის სიდიდის ტემპერატურისა და არაუმეტეს 60 პროცენტის ოდენობის ჰაერის ტენიანობის პირობებში. ამ მიზნით უნდა მომზადდეს სპეციალური საცავი და ოქროს ზოდების იქ განთავსების მთელი პერიოდის მანძილზე უნდა იქნას უზრუნველყოფილი ამ პარამეტრების დაცვა. ეს საკმაო ოდენობის ხარჯებთანაცაა დაკავშირებული.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ეროვნულ ბანკს, ნუ ჩამოიტანს საქართველოში ოქროს, იყოს ლონდონის საცავში შენახული, როგორც ეს საერთაშორისო პრაქტიკაშია მიღებული“, _ წერს რომან გოცირიძე.