2026 წლის აბიტურიენტებისთვის, ასევე მაგისტრობის მსურველთათვის რეგისტრაციის გამოცხადება დაიგვიანებს.
ამის მტკიცებულებაა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ორი ბრძანება, რომლის თანახმად, რეგისტრაციის გამოცხადებისთვის აუცილებელი ანკეტების შესავსებად უნივერსიტეტებს დრო 10 მარტის ჩათვლით განესაზღვრათ, ანკეტებზე პასუხის მიღების ვადა კი გივი მიქანაძის ბრძანებით, 16 მარტით არის დათარიღებული. ეს მაშინ, როდესაც გასული წლების მაგალითებს თუ შევხედავთ, შეფასებისა და გამოცდების ცენტრს აბიტურიენტების რეგისტრაცია უკვე დაწყებული ჰქონდა 1-2 მარტს და შესაბამისად (იმავე დღეს) გამოქვეყნებული ჰქონდა აბიტურიენტის ცნობარიც, რომელის შედგენაც ყოველწლიურად უნივერსიტეტების ანკეტა-კითხვარების დადასტურების შემდეგ ხდება და დროს მოითხოვს.
უფრო გვიანი ვადებია განსაზღვრული მაგისტრატურაში ჩაბარების მსურველთა რეგისტრაციის დაწყებამდე შესასრულებელი პროცედურებისთვის – 30 მარტის ჩათვლით.
რას ამბობს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
შეფასებისა და გამოცდების ცენტრი ჩვენთვის მოწოდებულ ოფიციალურ პასუხში არ უარყოფს, რომ შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ზაფხულის გამოცდებისთვის რეგისტრაციის დაწყება დაგვიანდება, თუმცა აბიტურიენტებს ამშვიდებს და ეუბნება, რომ ისინი მოასწრებენ „გააზრებული არჩევანის გაკეთებას“.






























































