ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია.
გამცოდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წელს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 32 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა, რაც ჩარიცხვის უფლების მქონე გამოსაცდელების დაახლოებით 80%-ს შეადგენს.
“2024 წელს დაფინანსდა 11 600-ზე მეტი გამოსაცდელი. სახელმწიფო გრანტი მოიპოვა 6 500-ზე მეტმა აბიტურიენტმა. აქედან – 100%-იანი სახელმწიფო გრანტი მიიღო 1 000-ზე მეტმა აპლიკანტმა, 70%-იანი – 1 400-ზე მეტმა გამოსაცდელმა, 50%-იანი გრანტი კი – 4 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა 5 000-ზე მეტი გამოსაცდელი. ქართულ ენაში მომზადების პროგრამებზე სწავლას – 1 600 – მდე აპლიკანტი გააგრძელებს.
2024 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ გახსნილი იყო 24 საგამოცდო ცენტრი. გამოცდებისათვის 80 000-მდე აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის – ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის – 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის – 3 000-ზე მეტი სტუდენტი; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა, მასწავლებლის გამოცდაზე მონაწილეობის სურვილი კი 18 900-ზე მეტმა აპლიკანტმა გამოთქვა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ ხელშეკრულების გასაფორმებლად აუცილებლად უნდა დაუკავშირდნენ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება”,_ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.