ეგნატე ნინოშვილის მიხედვით: ,,პალიასტომის შესახებ გურიაში არსებობს ერთი ლეგენდა: ახლა რომ ტბაა, იმ ადგილას უწინ, თურმე, ხმელეთი იყო, ზედ ხალხი იდგა და ამ ხალხს ,,პავლიას ტომს” ეძახდენ. ერთ დღეს ხმელეთმა ძირს დაიწია, ერთ ადგილას მიწა გაირღვა, უცბად წყალი ამოვარდა დედამიწიდან და მთელი სოფელი დაფარა. აქაური ხალხიც და ყოველივე სულდგმული დაირჩო, მხოლოდ ერთმა დიაკვანმა მოასწრო, გაიტაცა მთავარანგელოზის ხატი, აიტანა ჯუმათის მთაზე და იქ შემდეგ ამ ხატს ეკლესია აუშენეს. ეს დიაკვანიც, გვარად დარჩია, დეკანოზად დააყენესო. ჯუმათის მთაზე ეკლესია (მონასტერი) დღესაც არსებობს. ხალხი, გვარად დარჩია, დღესაც ცხოვრობს სოფელ ჯუმათში და ბევრი მათგანი სასულიერო წოდებისაა” (ეგნატე ნინოშვილი, თხზულებათა სრული კრებული, ,,საბჭოთა მწერალი”, თბილისი, 1954, გვ. 211).
ამიერკავკასიის სასწავლო სემინარიის სტუდენტის – ფ. მგელაძის – მიხედვით (1836-1927 წლების რუსულ პრესაში გამოქვეყნებული ქართული ფოლკლორული მასალის შესწავლა ანოტირებული ბიბლიოგრაფია) თითქოს, პალიასტომის ადგილას ქალაქი არსებულა. ამ ქალაქის მკვიდრნი ისე გაუკუღმართებულან, რომ ეკლესიაში ცხენებით დადიოდნენ. ღმერთმა ისინი გონს რომ ვერ მოაგო, გადაწყვიტა ქალაქისთვის წარღვნა მოევლინა. მან მხოლოდ ერთი მართალი კაცი- კიკო, გადაარჩინა, რომელსაც ღვთისმშობლის ხატი გაატანა სოფელ შემოქმედში. სამი თვის შემდეგ კი კვლავ გამოეცხადა და დაავალა, ხატი სოფელ ბახვში გადაესვენებინა.
ირაკლი მახარაძე