ბათუმში დაკავებული ექვსივე პირი გათავისუფლებულია. ამის შესახებ აჭარის ტელევიზიის ეთერში ერთ-ერთმა გათავისუფლებულმა, ჯიმი ვარშანიძემ განაცხადა.
ვარშანიძე ის პირია, რომლის დაკავებითაც დაიწყო 11 მარტს განვითარებული მოვლენები. მან დეტალურად გაიხსენა, თუ როგორ დააკავეს ის.
„მე და მამაჩემი მოვდიოდით ჩემი ძმის სასაფლაოდან, გავაჩერე პლაზის წინ, აფთიაქში შევდიოდი.
რომ ჩამოვედი, მანქანის ძრავი არ მქონდა გათიშული, მომადგა პატრული. მას ვუთხარი, წამალზე ავედი, გთხოვთ, გამიშვათ, ცოტა დაწერეთ ჯარიმა-მეთქი… შეიძლება, ცოტა მეც ავღელდი“, – განაცხადა ვარშანიძემ.
მისი თქმით, ამის შემდეგ, პოლიციამ განუცხადა, რომ ამ თხოვნას ვერ გაითვალისწინებდა, რის შემდეგაც დააკავეს.
როგორც ჯიმი ვარშანიძემ აღნიშნა, პოლიციაში დაკავებულებისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ.
მან ბათუმის ქუჩებში გამოსულ ადამიანებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.