ცნობილი ფეხბურთელი გიორგი სიჭინავა იხსენებდა:
„1965 წელს მეორედ მომისაჯეს სამუდამო დისკვალიფიკაცია – ამჯერად ფეხბურთში: ბაქოში ვთამაშობდით და ერთ მომენტში მარქაროვი წავაქციე. არც არაფერი, მაგრამ მან სიმულანტობა დაიწყო. ავდექი და მწარედ შევაგინე. ამ დროს მსაჯი მომვარდა და ყვითელ ბარათს მიჩვენებს, მარქაროვმა კიდე, თქვენ გაგინებდათო, უთხრა! მოკლედ, ახლა მსაჯს დავუწყე კამათი, ისე მომეშალა ნერვები, მუცელში ხელი წავავლე და წითელიც ამიფრიალა. თბილისში მატარებლით დავბრუნდით და სადგურზევე ამიყვანა ორმა კაგებეშნიკმა – ჩვენთან უნდა წამობრძანდეთო და პირდაპირ შინაგან საქმეთა მინისტრთან მიმიყვანეს. შევარდნაძე იყო მაშინ მინისტრი – კაბინეტში შესულმა ხელი გავუწოდე, მან კი არ ჩამომართვა და მორალის კითხვა დამიწყო… ბოლოს მითხრა, 58-ე მუხლის მიხედვით დაისჯებიო – საბჭოთა ხალხის მტრად მაქციეს!
ბიჭები ჯერ გაურკვევლობაში იყვნენ, მერე კი შოთა იამანიძე, როგორც გუნდის კაპიტანი, შევარდნაძესთან შევიდა და საქმეში გარკვევა სთხოვა. შემდეგ „ზემოდანაც” ჩაერივნენ სხვები და… მოკლედ, ციხის ნაცვლად შინაგანი ჯარების მერვე პოლკში გამიშვეს სავალდებულო სამსახურის მოსახდელად. იქ რა გამაჩერებდა?!
ვინ გადამარჩინა? ნიკოლაი მოროზოვმა! სპეციალურად ჩემს გამო ჩამოვიდა თბილისში, საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანთან ვასილ მჟავანაძესთან შევიდა და უთხრა, ეგ ბიჭი საბჭოთა სპორტს და ჩვენს ნაკრებს ძალიან სჭირდებაო და თავდებში დამიდგა. მახსოვს, გაზეთ „ლელოში” ვიღაცას ჩემს ნაცვლად დააწერინეს გულისამაჩუყებელი წერილი: ვითომ ვინანიებდი, დავაშავე და მაპატიეთ-მეთქი… წლების მერე შევიტყვე, რომ შევარდნაძე დიდხანს ეწინააღმდეგებოდა ჩემს შეწყალებას.
დისკვალიფიკაციის შემდეგ ნაკრებში დამაბრუნეს და ჩემი თავი ვალერა ვორონინს ჩააბარეს, როგორც კომორგს – მას ჩემ „აღზრდაზე” უნდა ეზრუნა! შეკრებებზე მასთან ერთად ვცხოვრობდი. მალე მივხვდი, რომ ჩემზე უარესი ყოფილა: 1966 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ვართ ინგლისში და ერთხელაც მეუბნება, წამო კაზინოში წავიდეთო! მისი მაშინდელი „დარიგება” არასდროს დამავიწყდება: „დაიმახსოვრე, ყველა სასტუმროში პირველი რაც უნდა გააკეთო, სათადარიგო შემოსასვლელი უნდა მოძებნოო“.



































































