ირაკლი კობახიძე უმაღლესი განათლების სისტემაში ცვლილებებს აანონსებს. ამის შესახებ კობახიძემ განათლების რეფორმის პრეზენტაციისას განაცხადა.
დღეს, 16 ოქტომბერს, კობახიძემ განაცხადა, რომ რესურსების ოპტიმიზაციას და უნივერსიტეტებში სწავლების ხარისხის გათანაბრებას ასე ხედავენ:
„გვინდა, დავამკვიდროთ ერთი ძალიან მკაფიო პრინციპი: ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი, მაგალითად, თბილისში, ერთი ფაკულტეტი იქნება შექმნილი მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში, ამისათვის გარდამავალი ეტაპი იქნება უზრუნველყოფილი თითოეული სტუდენტისთვის.
შესაბამისად, ეს გამოიწვევს რეორგანიზაციას და ფაკულტეტების გადანაწილებას უნივერსიტეტებს შორის. ეს გადანაწილება უნდა განხორციელდეს უნივერსიტეტის ტრადიციული ფუნქციებისა და მათი ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით.
ბუნებრივია, სტუდენტებისთვის იქნება უზრუნველყოფილი გარდამავალი პერიოდი, ვინც სწავლობს კონკრეტულ უნივერსიტეტში, მას ექნება საშუალება, დაამთავროს ის შესაბამისი უნივერსიტეტი, შესაბამისი სპეციალობით. ძალდატანებით, რა თქმა უნდა, არავითარი ცვლილება არ განხორციელდება, ერთადერთი, სტუდენტებს შეუძლიათ, ნებაყოფლობით აირჩიონ მობილობის წესით სხვა უნივერსიტეტში გადასვლა. გარდამავალი ეტაპი სტუდენტებისთვის იქნება უზრუნველყოფილი, პატივს ვცემთ, რა თქმა უნდა, თითოეული სტუდენტის არჩევანს,“- თქვა კობახიძემ.
მისივე თქმით, უცხოელი სტუდენტები სახელმწიფო უნივერსიტეტებმა უნდა მიიღონ მხოლოდ კანონით განსაზღვრულ მკაცრად გამონაკლის შემთხვევებში და ეს პრინციპი კანონის დონეზე იქნება დანერგილი.































































