“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული კანონპროექტით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის არა გაუქმება, არამედ მისი ორი სამსახურით ჩანაცვლება ხდება.
როგორც მან “იმედის” ეთერში თქვა, ცვლილებების შემდეგ, საგამოძიებო ნაწილის უფლებამოსილებები “გაფართოვდება”.
“სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე საუბარი არც არის, რეალურად ერთი სამსახური ჩანაცვლდება ორი სამსახურით, არავითარი ფორმით არ იკვეცება კომპეტენციები, პირიქით – ფართოვდება საგამოძიებო ნაწილის უფლებამოსილებები. თავის დროზეც იყო არაერთი რეკომენდაცია, მათ შორის იგივე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციები, რომ ეს ორი ფუნქცია ყოფილიყო ერთმანეთისგან დამოუკიდებელი. არის აბსოლუტურად განსხვავებული ორი ფუნქცია, რომელიც თავმოყრილია ერთ უწყებაში. ერთი არის პერსონალური მონაცემების დაცვა და მეორე – გამოძიება. ამ ორ ფუნქციას ერთმანეთთან არანაირი კავშირი არ აქვს, უფრო მეტიც, არის ინტერესთა კონფლიქტი. ამიტომ, იყო ეს რეკომენდაცია”, – თქვა კობახიძემ.