2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო.
როგორც ეროვნული გამოცდების ცენტრში აცხადებენ, პირველ დღეს განაწილებულ აბიტურიენტთაგან გამოცხადდა 93%-ზე მეტი.
“საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. არის ერთი დაგვიანების შემთხვევა. ამიტომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ სთხოვს აბიტურიენტებს ყურადღებით გაეცნონ საგამოცდო ბარათზე მითითებულ ინფორმაციას – ცენტრის მისამართსა და გამოცხადების დროს.
მეორე სესიისათვის რეგისტრაცია ყველა საგამოცდო ცენტრში 14:00 საათზე დაიწყება და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება”,_ აცხადებენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
როგორც ცნობილია, საგამოცდო პროცესი 6 აგვისტომდე გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში, თბილისში საგამოცდო ცენტრებამდე მისასვლელად მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები იმოქმედებს. დედაქალაქის გარდა, საგამოცდო ცენტრები 11 ქალაქშია გახსნილი.
გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტმა ტესტირების დაწყებამდე უნდა ჩააბაროს მობილური ტელეფონი და სხვა ყველა ზედმეტი ნივთი. ახალგაზრდებს გამოცდაზე მხოლოდ სასმელი წყლის შეტანა შეეძლებათ პლასტმასის ბოთლით.