დღეს, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს დარბაზში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საჩივარი განიხილეს. კონკრეტულად, ენმ-ის ადგილობრივი ორგანიზაცია “ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატს, ტიტე ბაქანიძეს და ამავე პარტიის ოზურგეთის მერობის კანდიდატს ავთანდილ თალაკვაძეს ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებდა.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის დავით მჟავანაძის თქმით, ტიტე ბაქანიძემ “ქართული ოცნების“ დახმარების წყლის ავზები უყიდეს წინასაარჩევნო პერიოდში.
დაახლოებით, სამსაათიანი სხდომის შემდეგ მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ არ დააკმაყოფილა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შეტანილი საჩივარი.
ამის შემდეგ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის მერობის კანდიდატი ირაკლი ღლონტი ცდილობდა, მოსამართლეს პირისპირ შეხვედროდა, მაგრამ მანდატურებმა ის მეორე სართულზე არ აუშვეს:
“ოზურგეთში ხალხს თვალში ნაცარს აყრიან. მშვიდობიანად მინდა ვუთხრა სათქმელი დღევანდელი სხდომის მოსამართლეს და ჩამოვალ. რატომ არ მატარებთ. ვიღაც ზონდერმა მიიღო არასწორი გადაწყვეტილება. მე ველოდებოდი სამართლიან გადაწყვეტილებას უკანონობაზე. დაზუსტებული ფაქტი იყო ამომრჩევლის მოსყიდვაზე და მივიღეთ უკანონო განაჩენი.
ტიტე მგელაძეს და “ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნოდ გაახსენდათ, რომ წყალი სჭირდებათ ოზურგეთელებს და ბავშვებს საქანელები“, _ თქვა ირაკლი ღლონტმა.
ავთანდილ თალაკვაძისა და ტიტე მგელაძის წარმომადგენელმა ნათია ბოკუჩავამ მედიის წარმომადგენლებთან აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა,
”გადაწყვეტილება სამართლიანი და დასაბუთებულია. ”ქართული ოცნების” მხრიდან საარჩევნო კოდექსის დარღვევას ადგილი არ ჰქონია. ტიტე მგელაძის მხრიდან ავზის შესყიდვის და ამომრჩევლებისთვის გადაცემის დამადასტურებელი მტკიცებულება ბუნებაში არ არსებობს. აქედან გამომდინარე მოსამართლემ მიიღო სწორი გადაწყვეტილება“.
ნათია ბოკუჩავამ ირაკლი ღლონტს სასამართლოდან წასვლამდე ერთი რჩევა მისცა: “გულწრფელად გირჩევთ, აიმაღლოთ კვალიფიკაცია საარჩევნო დავების საკითხებში“.
და ბოლოს, დათო მჟავანაძის ინფორმაციით, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას ისინი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
“ხვალ დილით შევიტანთ განცხადებას და გავასაჩივრებთ თორნიკე კაპანაძის უკანონო გადაწყვეტილებას“, _ თქვა დათო მჟავანაძემ “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს.
[sexy_author_bio]