რამდენიმე დღის წინ ფეისბუქგვერდ „მებრძოლი სულის“ მიერ გავრცელებულ ფოტოს სათაურით _ „მგლებში ლომები _ ბატალიონი კომანდო, დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში.
„რჩეული ბიჭები არიან, მათ დიდი სახელი დატოვეს თავდაცვის ძალებში!!!!“
„მართლაც ლომები“; „სულ გამარჯვებით, ბიჭებო“; „თქვენ გაგიმარჯოთ, ძმებო!; თქვენი სახელები ისტორიაში ჩაიწერა“, _ წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.
„გურია ნიუსი“ „მებრძოლი სულის“ ადმინისტრატორს, ყოფილ „კომანდოელს“ და მოქმედ სამხედრო პირს ალექსანდრე ჯანიაშვილს ესაუბრა.
„ძირითადად, 2007–2008 წლებში ვიყავი ამ ქვედანაყოფში. მანამდე პირველად 2004 წელს ჩავერთე საომარ მოქმედებებში სამაჩაბლოში, წვერი ახოზე. მაშინ მე 111–ე თელავის ბატალიონში ვიყავი. კომანდოს ბატალიონი ეს იყო ლეგენდა.
ზაზა დამენია მაგალითია ამ ქვედანაყოფის. ჩვენთან იყო აჩიკო ტატუნაშვილი _ ჩვენი გმირი ბიჭები…
ეს იყო რჩეული მეომრებისაგან შემდგარი ოჯახი. ერთმანეთს ეფარებოდნენ, ერთმანეთისთვის სიკვდილი იყო მათთვის ღირსება.
2004 წელს ჩემს ქვედანაყოფს 6 მებრძოლი დაეღუპა.
ეს ბატალიონი იყო ზეციდან დაჯილდოვებული არნახული პატრიოტული სულისკვეთების მატარებელი. ეს იყო, შეიძლება ითქვას, თანამედროვე შეიარაღებული ძალების ბირთვი.
დღეს კომანდოს ბატალიონის ნაწილი არის წამყვან პოზიციებზე თავდაცვის ძალების მასშტაბით და ეს საამაყოა. თავიანთ გამოცდილებას უზიარებენ ახალი თაობის მებრძოლებს და ეს უკვე ნიშანია იმისა, რომ დღეს თავდაცვის ძალებს ჰყავთ ნამდვილად ძლიერი მეომრები, რომელთა ცოდნაც მიღებული აქვთ ძველი თაობის გამოცდილი მებრძოლებისაგან, _ ამბობს „გურია ნიუსთან“ საუბრისას ალექსანდრე ჯანიაშვილი.