მიუხედავად იმისა, რომ დიდი მოთხოვნა იყო საზაფხულო ბაღები ყოფილიყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ეს საკითხი დადებითად ვერ გადაწყდა.
“შიდა მოკვლევის შედეგად გაირკვა, რომ აღნიშნული მომსახურებით სარგებლობა გამოკითხული მშობლების 70-80% -ს სურს, რაც ნიშნავს შემდეგს: ერთი საზაფხულო ჯგუფის გახსნა არა საკმარისი იქნება კონტიგენტისთვის და არასამრთლიან პირობებში ჩააყენებს მათ, ხოლო სრული დატვირთვის ამუშავებისთვის ბიუჯეტით ეს შეუძლებელი იქნება. რაც შეეხება ინიციატივას კერძო ბაღბეთან მოლაპარაკების შესახებ, ამ მიმართულებით არსებული კანონმდებლობა არ იძლევა საშუალებას განვახორციელოთ ეს ინიციატივა” – განაცხადა მერის მრჩეველმა ალექსანდრე ბერიძემ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბოლო სხდომაზე.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტს ა.(ა).ი.პ სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ხელმძღვანელმა მაკა ჭყონია იმედოვნებს, რომ მომავალ წელს ეს პროექტი განხორციელდება და 2019 წლის ბიუჯეტში გმოიყოფა თანხები.
“მოთხოვნა იყო დიდი, როგორც ქალაქიდან და ასევე სოფლის საბავშვო ბაღებიდან, რომ ზაფხულშიც მიგვეღო ბავშვები, მაგრამ 2018 წლის ბიუჯეტში არ იყო ამისთვის თანხა ჩადებული. წელს დავიწყებთ ამ თემაზე მუშაობას, რომ მომავალ წელს ეს საკითხი მოგვარებული იყოს.“
განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, ლელა საჯაიას თქმით, საკრებულო აქტიურად იმუშავებს, რომ 2019 წლის ბიუჯეტში ეს პრობლემა გადაწყვეტლი იყოს.
“იყო მცდელობა წინა წლებში, რომ ურეკში ყოფილიყო საზაფხულო ბაღი, მაგრამ ეს საკითხი ვერ გადაწყდა. ამ დრომდე ასეა, რომ არც წელს იქნება საზაფხულო ბაღები ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მაგრამ დაწყებულია მუშაობა, რომ 2019 წლის ბიუჯეტში გამოინახოს თანხები და დაფინანსდეს ეს პროექტი.“ – გვითხრა ლელა საჯაიამ.