ფირალების სახელით რომ უკეთურ საქმეებს სჩადიოდნენ, ამის დამასუსტურებელი ფაქტები არსებობს. ერთ ასეთ ამბავს ჰყვება ჩოჩხათელი საშა ასკურავა: ერთმა კაცმა აგერ ჯაპანაში… ქალი მოკლა, ცოლი… და თქუა რომეო კაჩაღმა მომიკლა ქალიო. დაწამა ტყულა კაჩახზ და დეიჭირენ იი… დეიჭირენ კაჩაღებმა იგი და წეიყვანენ და ნარიონებში ჩასვენ წყალჩი, ხოდა იანვრის თვე იყო და ყავდენ იქინე, აქედან გამოღმა იდგენ კაჩაღები თოფით, რომ შეიყვანენ წყალჩი, შედი იქამდეო და აქამდე სწვდებოდა წყალი კაცს, ხოდა იყავი მაქანე…. /ყაჩაღმა/ უთხრა ამ ქვეყანაში არ დაგინახო შენი ბურდღაო…. წადი, სადაც გინდაო. წევიდა იი აქედან, დააჯდა მატარებელს… ევიდა გორში და ქეც მოკვტა იი კაცი”.
სისონა დარჩიას სახელს ამოფარებული ბევრი ავაზაკობდა და ყაჩაღობდა.
ღამე სისონა დაითქვეს,
დოხტურს წაართვეს ბაჟია,
ჯუმათს მოკლეს ამბერკ ბერი,
ბაილეთში ჭაკი ცხენი,
ოზურგეთში აფიცერი!..
ლექსში ასახული მოვლენები სიმართლეს შეეფერება: სტრაჟამ სისონას სახელით ექიმი გაძარცვა, ჯუმათის მონასტრის ბერი ამბერკი ჩხარტიშვილი კი სისონათ მიიღეს და მოჰკლეს. ცნობილია შემთხვევა, როდესაც სახეახვეულმა ყაჩაღებმა სისონა და ვასილ დარჩიების სახელით გაძარცვეს აცანელი მექოთნეები, წაართვეს სპილენძის ფული. ეს გაიგო სისონამ, მოძებნა ყაჩაღები და მაგრად გალახა, ერთს კი ყურის ბიბილო მოაჭრა _ როდის იყო ჩვენ ხალხს ვძარცვავდითო. ივერია (1889) წერდა: “მგელს მგლობა ერქვა და ტურამ ქვეყანა ამოაგდოვო, სწორედ ჩვენ მოგვდის ასეთი საქმე. ვისაც არა მგონია წერილი მისდის, ამა და ამ ადგილას ამდენი და ამდენი მანათი მოიტანე, თორემ გადაგწვამ, გაგანადგურებო. გწერ გავარდნილი ავაზაკი დარჩიაო. შეშინებულს გურულებსაც მიაქვთ ფული და სდებენ დანიშნულს ალაგს, რათა ამით მაინც მოიგონ განრისხებულის ავაზაკის გული. ამას წინად ოზურგეთის ერთს ვაჭარსაც მიუვიდა ასეთი წერილი, დარჩიას მიერ ხელმოწერილი. ვაჭარმა შეატყობინა პოლიციას, რომელმაც ფული მიიტანა დანიშნულს ალაგას და თან უყარაულა დარჩიას, მაგრამ ფულის ასაღებად დარჩია კი არ მივიდა, არამედ სულ სხვა კაცი, ჩვენივე მეზობელი, რომელსაც ყველა კარგად ვიცნობდითო”.