23 წლის ოზურგეთელი სპორტსმენი ლევან ქავჟარაძე მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება რომელიც 2020 წლის სექტემბერში ან ოქტომბერში გაიმართება. ის წარმატებული მოჭიდავე არის და მის ასაკში უკვე ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები აქვს მოპოვებული.
2013 წელს ევროპის ვიცე-ჩემპიონი, ამავე წელს მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილი, 2015 წელს ევროპაზე მესამე ადგილი, 2017 წელს ევროპის ჩემპიონატზე მეორე ადგილი; 2019 წელს ევროპის ჩემპიონაზე პირველი ადგილი დაიკავა და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა – ეს არასრული ჩამონათვალია მისი გამარჯვებების.
„სკოლის მოსწავლე ვიყავი, როცა სოფელ ლიხაურში, სადაც ვცხოვრობ, გაიხსნა ჭიდაობის სკოლა და ალიკა ბოლქვაძე ჩაუდგა სათავეში. ალიკა ბოლქვაძე იყო ჩემი პირველი მწვრთნელი. სამწუხაროდ, ის წლების წინ გარდაიცვალა. სამაგალითო ადამიანი და სპორტზე შეყვარებული ადამიანი იყო.
შემდეგ კი ჩემი მწვრთნელი ბექა როყვა გახდა და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, წარმატებული სპორტსმენი ვიყო. ძალიან გულისხმიერი და წარმატებული მწვრთნელია ბექა. მინდა მისი იმედები გავამართლო,“_ აღნიშნა ჩვენთან საუბრის დროს ლევან ქავჟარაძემ.
ლევანი ასევე იხსენებს, რომ რაღაც პერიოდი უნდოდა ჭიდაობისთვის თავი დაენებებინა.
„რაღაც პერიოდი არ ვფიქრობდი, რომ ჭიდაობით დაკავებული ვყოფილიყავი. მაგრამ, ერთმა ტურნირმა გადაწყვიტა ყველაფერი. ოზურგეთში ჩატარდა ტურნირი და იქ გავიმარჯვე. ძალიან დიდი განცდა დამეუფლა და შემდეგ უფრო აქტიურად ვვარჯიშობ,“_ თქვა ევროპის ჩემპიონმა.
ლევანმა ასევე 2020 წელს ჩატარებული ევროპის ჩემპიონატზეც ისაუბრა.
ლევან ქავჟარაძე: „მომზადებული ვიყავი, მცირე შეცდომა დავუშვი, რომლითაც ისარგებლა მოწინააღმდეგემ. რაღაც, წამიერად გავითიშე. მინდა ეს შეცდომები მალევე გამოვასწორო და მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებულად გამოვიდე.“
ლევანი და მისი მეგობრები ასევე ყველაფერს აკეთებენ იმისთვის ჭიდაობა ახალ თაობას შეაყვარონ.
„ჩვენზე პატარა თაობას ჩვენ ვაძლევთ სტიმულს, რომ რაც შეიძლება ბევრმა გამოხატოს ჭიდაობისადმი სიყვარული,“_ გვითხრა საუბრის დასასრულს ლევან ქავჟარაძემ.