ოპოზიციის წარმომადგენლები ამომრჩეველთა ხმების დაცვის მექანიზმების განსახილველად “ევროპული საქართველოს” ოფისში შეიკრიბნენ.
“საქართველოს ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარის, პაატა დავითაიას თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ოპოზიცია ჩამოყალიბდა, რომ შეიქმნება ერთიანი ოფისი, რომელიც 24 საათი იმუშავებს და კოორდინაციას გაუწევს ერთმანეთის ხმების დაცვას.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, თინა ბოკუჩავას შეფასებით, ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ მას აღარ გააჩნია საზოგადოებრივი ნდობა და ქვეყანაში ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლების რაოდენობა ხელისუფლების მხარდამჭერთა რაოდენობას აჭარბებს.
“ეს არჩევნები არის ძალიან განსხვავებული 2 რამის გამო: ერთია უპრეცედენტო კოორდინაცია, როდესაც პრაქტიკულად, სრული ოპოზიციური სპექტრი არის შეკრული და მეორე ფაქტორი არის ის ძალიან დიდი ყურადღება, რომელიც საქართველოზეა მომართული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან”, _ ამბობს ბოკუჩავა.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიები ერთობლივ დეკლარაციაზე 18 აგვისტოს შეთანხმდნენ, 24 აგვისტოს კი ერთობლივად შემუშავებულ მემორანდუმს ხელი მოაწერეს. შეთანხმების მიზანია კოორდინირებული მუშაობა და არჩევნების გზით მოქმედი ხელისუფლების შეცვლა.