მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის მომხდარი დაპირისპირება არავისთვის და არც ჩემთვის იყო კარგი სანახავი დამერწმუნეთ, – ამის შესახებ ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, პოლიციელები მუდმივად მოუწოდებდნენ აქციის ორგანიზატორებს სიმშვიდისკენ, თუმცა გარკვეული ძალების მიზანი, ესკალაციის შექმნა იყო და ამისთვის ყველანაირ მეთოდს იყენებდნენ.
„პოლიციელები მუდმივად მოუწოდებდნენ აქციის ორგანიზატორებს სიმშვიდისკენ, თუმცა კარგად გვესმის, რომ გარკვეული ძალების მიზანიც, ესკალაციის შექმნა იყო და ამისთვის ყველანაირ მეთოდს იყენებდნენ. მათ შორის, 16 აპრილს, გვიან ღამით მაშინაც, როცა უკვე სრულდებოდა აქცია, მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციის თანამშრომლებს. აგინებდნენ, საშინელი სიტყვებით მოიხსენიებდნენ მათ, მათ ოჯახის წევრებს, შვილებს და აღარ გავაგრძელებ. ამის შემდეგ, მომხდარი დაპირისპირება მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის არავისთვის და არც ჩემთვის იყო კარგი სანახავი დამერწმუნეთ. თუმცა შემიძლია დანამდვილებით ვთქვა, რომ ეს ყველაფერი გამოიწვია სამართალდამცველების მიმართ გაჟღერებულმა გაუგონარმა შეურაცხყოფებმა. პოლიციელზე თავდასხმა ნიშნავს სახელმწიფო ინსტიტუტზე თავდასხმას და ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს არის დაუშვებელი, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.