ევროპული საქართველოს წევრი, ირმა ნადირაშვილი, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება.
ნადირაშვილის თქმით, კობახიძის განცხადებები საბოტაჟთან დაკავშირებით გაუგონარი და უპრეცედენტოა, ხოლო ამ საქციელით ქართული ოცნება არღვევს კანონმდებლობას, რადგან ადამიანების ძალით გაჩერება პარლამენტში შეუძლებელია.
ნადირაშვილმა აღნიშნა, რომ ბრალდებები კონკრეტული ადამიანების მიმართ, რომ ისინი არიან ბულინგის ქვეშ, ამ ადამიანებისათვის შეურაცხყოფაა. ნადირაშვილის თქმით, თუ ვინმეა დაბულინგებული დღევანდელ პარლამენტში და თუ ვინმე დადის სხვის აზრზე, ეს ყველაზე მეტად ირაკლი კობახიძეა.
„ირაკლი კობახიძემ გამოიყენა გაუგონარი ტერმინები საბოტაჟთან დაკავშირებით, ამ მოტივით მათ უარი თქვეს, რომ ოპოზიციას შეუწყვიტონ საპარლამენტო მანდატები, ეს გაუგონარი ქმედებაა, როდესაც არსებობს განცხადებები და ადამიანები უარს ამბობენ გაყალბებული არჩევნების შედეგის მიღებაზე, ამ ვითარებაში ეს საქციელი არის უპრეცედენტო, გაუგონარი და კანონმდებლობის დარღვევა, ადამიანების ძალით გაჩერება პარლამენტში არის შეუძლებელი.
რაც შეეხება მოტივს, რომ მეტი დროს მისცენ ოპოზიციას, ეს არის სინამდვილეში დრო ქართული ოცნებისათვის, რომ პარლამენტში დახლს ქვემოთ ვაჭრობა გააგრძელონ და მეტი ელისაშვილი იპოვონ.
ვფიქრობ, რომ საერთო სურათი მაინც ვერ შეიცვლება, ერთი და ორი ადამიანის შესვლა პარლამენტში არ ნიშნავს, რომ პარლამენტი შეიცვლის ხასიათს და ის არ იქნება ჩრდილოკორეის საკანონმდებლო ორგანო.
ბრალდებები ოპოზიციის მიმართ, რომ არიან ადამიანები, ვისაც სურთ პარლამენტში შესვლა, უკვე გვესმის დიდი ხნის განმავლობაში, ეს არის შეურაცხყოფის მიყენება ადამიანებისათვის, თითქოს მათ არ გააჩნიათ საკუთარი აზრი, ნება და ექცევიან სხვების ბულინგის ქვეშ, თუ ვინმეა დაბულინგებული ამ პარლამენტში და თუ ვინმეს საკუთარი აზრი არ გააჩნია და მხოლოდ ივანიშვილის გონების კარნახით მოქმედებს, ეს გახლავთ სწორედ ბატონი კობახიძე, რომელიც დღეს მორიგი ბოდვით გამოცხადდა ჩვენს წინაშე.“ – განაცხადა ნადირაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ “ქართულმა ოცნებამ” ოპოზიციის მანდატების შეკავებისგან თავი შეიკავა.