შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ტყუილია ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მცხეთის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილემ იაკობ ბრეგვაძე თბილისში „შკოდას“ ტიპის ავტომობილით ჩამოიყვანა.
„რაც შეეხება გავრცელებულ ვიდეოკადრებს… „შკოდას“ ტიპის ავტომობილს-ეს არის სრული სიცრუე და ტყუილი, ვინაიდან, გამოძიებით დადგენილია, რომ ის კადრები, სადაც, ვითომდა მოძრაობს „შკოდა“ და ავტომანქანაში ისვამენ მოქალაქეებს, სინამდვილეში არის „ტოიოტა პრიუსის“ მარკის ავტომობილი და არის ტაქსი. დადგენილია აღნიშნული ტაქსის მძღოლი, დაკითხულია და ეს ფაქტი დასტურდება. რაც შეეხება მანიპულაციას „შკოდას“ ფირმის ავტომობილთან დაკავშირებით, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნინო გიორგობიანმა, ჩემმა კოლეგამ, „შკოდას“ ფირმის ავტომობილით, მცხეთის სამმართველოს უფროსის მოადგილე გელაშვილი გაგზავნა იაკობ ბრეგვაძის წამოსაყვანად, ეს არის სრული სიცრუე და ტყუილი. ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება. გელაშვილი იმ ღამით, მორიგე არ იყო და დადასტურებულია , რომ იმყოფებოდა ქარელში, თავის საცხოვრებელ სახლში“ – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ.