სახელმწიფო უსასყიდლოდ გახდა ბორჯომის ქარხნის აქციონერი, _ ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გარიგება რეგულატორების ჩართულობით გაფორმდა და სრულად შეესაბამება საერთაშორისო სამართლის ნორმებს.
„დავასრულეთ მოლაპარაკებები ბორჯომის აქციონერებთან და ჩვენი სახელმწიფო, საქართველოს მთავრობა გახდება აქციონერი იმ ჯგუფის, რომელიც არის ბორჯომის ქარხნის მეპატრონე. ეს არის უსასყიდლო გარიგება და ჩვენ, უსასყიდლოდ გადმოგვეცემა აქციები. ამის შემდეგ, სახელმწიფო გახდება ჩვენი ეროვნული სიამაყის თანამფლობელი და ყველა ის პრობლემა, რომელიც ბორჯომს ჰქონდა იქნება მოხსნილი.
ჩვენ, აღნიშნული საკითხი შევათანხმეთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. რეგულატორებთანაც გვქონდა კონსულტაციები დიდ ბრიტანეთში და მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს გარიგება გაფორმდა საერთაშორისო სამართლის ნორმების სრული დაცვით და მინდა მადლობა გადავუხადო ეკონომიკისა და იუსტიციის სამინისტროს, რომლებმაც ძალიან აქტიურად იმუშავეს.
ასე რომ, ვულოცავ ბორჯომის თითოეულ თანამშრომელს”, – განაცხადა პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე.
ღარიბაშვილმა გაფიცულ თანამშრომლებსაც მიმართა და დაპირდა, რომ არცერთი მათგანი არ დაიჩაგრება.