ეს იყო ხელისუფლების შეცდომა, რომელსაც მოჰყვა ხალხის სამართლიანი მშვიდობიანი პროტესტი – ამის შესახებ განცხადება საპატრიარქომ გააკეთა. საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ათასობით ახალგაზრდამ რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის ადგილის დაკავების გამო სამართლიანი გულისწყრომა გამოხატა, მაგრამ საბოლოოდ მიტინგს სახიფათო სახე მიეცა.
„ქვეყნის სიყვარულით გულანთებული ათასობით ახალგაზრდა სამშობლოს ღირსების დასაცავად გამოვიდა რუსთაველზე და თავისი სამართლიანი გულისწყრომა გამოხატა პარლამენტის სხდომათა დარბაზში რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს იმ წევრის თავმჯდომარეობის გამო, რომელმაც მხარი დაუჭირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას.
ეს იყო ხელისუფლების შეცდომა, რომელსაც მოჰყვა ხალხის სამართლიანი მშვიდობიანი პროტესტი; მაგრამ არამართებული მოწოდებებით მიტინგს სახიფათო სახე მიეცა, მოვლენები მყისიერად განვითარდა და პარლამენტის შენობის ძალით დაკავების მცდელობაში გადაიზარდა“- ნათქვამია განცხადებაში.
საპატრიარქომ მომხდართან დაკავშირებით ხელისუფლებას მიზეზების გამოძიებისკენ მოუწოდა.
“ვფიქრობთ, საჭიროა, ხელისუფლებამ სასწრაფოდ გამოიძიოს მიზეზები და სათანადო სტრუქტურებმა, მასმედიამ და ექსპერტებმა მიუკერძოებელი შეფასებები გააკეთონ როგორც მომხდართან დაკავშირებით, ისე ზოგად-პოლიტიკურ პროცესებთან მიმართებაში, რათა საზოგადოებას არსებული ვითარების გააზრების საშუალება მიეცეს, შენარჩუნებულ იქნას მშვიდობა და პროცესებმა სამოქალაქო დაპირისპირების სახე არ მიიღოს.
ღმერთმა მოგვცეს ძალა, რომ ჩვენმა ხალხმა ეს გამოწვევები დაძლიოს და მათ ღირსეული პასუხი გასცეს,” – წერია განცხადებაში.