“როგორ აფინანსებს მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არეულობას და რევოლუციებს“ _ ამ სათაურით მოამზადა სიუჟეტი ტელეკომპანია “იმედმა“.
რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ჩამოსვლის დროს განვითარებული მოვლენების ერთ-ერთ ორგანიზატორად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ბესო ქათამაძე სახელდება. თუმცა, ქათამაძე ამ ფაქტს უარყოფს და ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი მისი მეგობარია.
“19 წლის ვიყავი, მეორე კურსზე, როდესაც რუსეთ-საქართველოს ომში ვიბრძოდი. ჩემი დამოკიდებულება პუტინისადმი და მისი მეხოტბეებისადმი საჯაროდ ცნობილია. არაერთი სტუმარი ჩამოსულა საქართველოში და არავინ მივარდნილა. აქ სხვა რამეზეა საუბარი _ კომენდატის საათის დაწყებამდე ჩვენს ქვეყანაში ჩამოდის პოზნერი 50 კაცთან ერთად და იწყებს ქეიფს, ღრეობს. სირცხვილია, როდესაც შენ მოქალაქეებს აჯარიმებ ცხრა საათის შემდეგ, ეზო-ეზო დასდევენ და უცებ ვიღაცისთვის თურმე შესაძლებელია. მეტსაც გეტყვით, აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან მუხთარლის შუა ქალაქში თავზე ტომარა ჩამოაცვეს და ისე გაიყვანეს ქვეყნიდან. ეს ხალხი სტუმარ-მასპინძლობაზე გვესაუბრება?! ვაჟა-ფშაველას “სტუმარ-მასპინძელი“ უკუღმა რატომ ესმით “ქართული ოცნებაში“? რაც სიუჟეტში გავიდა ჩემსა და ჩემი მეგობრების შესახებ ის იყო ტყუილი.
ჩემს მეგობართან სტუმრად თუ ჩავედი კიევში, ბოლოს და ბოლოს, ქვეყნის პრეზიდენტი იყო, ამიტომ ანათემაზე უნდა გადამცენ? _ ეს იყო ჩვეულებრივი შეხვედრა“, _ აღნიშნა “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ბესო ქათამაძემ.
კითხვაზე _ იყო თუ არა თვითმმართველობის არჩევნებზე საუბარი მიხეილ სააკაშვილთან შეხვედროს დროს, ბესო ქათამაძე გვპასუხობს, რომ მსგავსი თემები არ ყოფილა სააკაშვილთან სტუმრობის მიზეზი.
“არც მაგ თემაზე ყოფილა საუბარი და არც პოლიტიკურ თემები ყოფილა ჩემი ჩასვლის მიზეზი. მეგობართან ჩავედი და ეს იყო, მეტი არაფერი. ასევე, უკრაინაში ვნახე იქ მცხოვრები ჩემი მეგობრები. ვნახე, ასევე, მირო ვანაძე, რომელიც შერეულ ორთაბრძოლებში MMA განაგრძობს ასპარეზობას. ვნახე კლასელები და კურსელები“, _ გვითხრა ბესო ქათამაძემ.
_ ცოტა დაუჯერებელია, თქვენ და მიხეილ სააკაშვილს არ გქონოდათ საუბარი პოლიტიკაზე.
_ მიმდებარე პროცესებზე ვისაუბრეთ. ჩვენი მთავარი თემა არის მოპარული არჩევნები დაუბრუნოს საქართველოს ხელისუფლებამ ხალხს და ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები. კონკრეტულად პოლიტიკურ გეგმებზე არ გვისაუბრია“, _ გვითხრა ბესო ქათამაძემ.