სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი მასზე განხორციელებული თავდასხმის დეტალებს იხსენებს. ლაშა თორდია ამბობს, რომ გუშინ ღამის კლუბ ელ ცენტროში მეგობრის დაბადების დღეზე იმყოფებოდა და შემთხვევით ოთარ ფარცხალაძესა და მის თანმხლებ პირებს შეხვდა, რომელმაც, მისივე თქმით, თანმხლებ პირებთან ერთად მასზე თავდასხმა განახორციელა.
„შეხვედრის დროს ფარცხალაძემ ძალიან აგრესიული ტონით მითხრა, რატომ ვაგროვებდი მასზე კომპრომატებს, როგორ ვაპირებდი ცხოვრების გაგრძელებას ვადის გასვლის შემდგომ. მე ვუთხარი, რომ შენ ვინღა ხარო მეთქი და ამას მოჰყვა შემდგომ უკვე დარტყმა თვის არეში, გვერდიდან. ბევრნი იყვნენ, დაახლოებით, 5 ადამიანი. ამ 5-მა ადამიანმა ამ დარტყმის შემდეგ დაიწყო თავდასხმა. ოთარ ფარცხალაძემ დაიწყო და ოთარ ფარცხალაძე ჩხუბობდა,“ – განაცხადა ლაშა თორდიამ.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი მასზე განხორციელებულ თავდასხმას კონკრეტულ საქმეს უკავშირებს, რომელშიც, მისი განცხადებით, ოთარ ფარცხალაძე ფიგურირებს. ლაშა თორდიას თქმით, აუდიტის სამსახური აღნიშნულ საქმეზე ორშაბათს დეტალურ ინფორმაციას გაასაჯაროებს.
„ეს ერთ კონკრეტულ საქმეს უკავშირდება, მიწის ჩანაცვლებებთან დაკავშირებით, რაზეც ორშაბათს ძალიან დეტალურად ვიმსჯელებ, სადაც პირდაპირ ფიგურირებს ოთარ ფარცხალაძის სახელი და გვარი. ამ საქმესთან დაკავშირებით ის ეტყობა, საქმის კურსშია, რომ აუდიტის სამსახურში მიმდინარეობს შესწავლა, დოკუმენტების მოძიება. ამაზე იყო საუბარი. მიწა აქვს ჩანაცვლებული, რომელზეც რამდენჯერმე მერიას უარი აქვს ნათქვამი, თუმცა ოთარ ფარცხალაძეს ჩაუნაცვლეს. ფასებიც ძალიან საინტერესოა,“ – განაცხადა ლაშა თორდიამ.
rusatvi2.com