კახა კალაძემ დედაქალის მთავრობის სხდომაზე ქალაქში მწვანე სივრცეების აუცილებლობაზე ისაუბრა.
2 საბავშვო-სათამაშო მოედანი, საპიკნიკე სივრცე, ჭადრაკის დეკორატიული დაფა, საგამოფენო ღია სივრცე _ ეს ის ჩამონათვალია, რაც დედაქალაქის მერის განცხადებით, უახლოეს პერიოდში ვასო გოძიაშვილის სახელობის ბაღში, ე.წ. წითელ ბაღში რეაბილიტაციის შემდეგ განთავსდება.
კახა კალაძის თქმითვე, პარკის გარშემო 700 მეტრიანი ველობილიკი მოეწყობა.
„მგონია, რომ ეს პარკი საჩვენებელი იქნება, რადგან ვფიქრობ, რომ კარგი პროექტია წარმოდგენილი და 5 თვის განმავლობაში იქნება დასრულებული“,_განაცხადა კალაძემ.
დედაქალაქის მერის ცნობით, პარკის რეაბილიტაციით სამშენებლო კომპანია „აქსისი“ დაინტერესდა, რისთვისაც კალაძემ კომპანიას მადლობა გადაუხადა და ბიზნეს სექტორს მხარში დგომისკენ მოუწოდა.
მისივე განცხადებით, პარკის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული ტენდერი 25 ივნისს უნდა დასრულდეს.
როგორც ცნობილია, დედაქალაქს უახლოეს მომავალში 3 ახალი პარკი შეემატება, გარდა ამისა, წელს 2 პარკის, მომავალ წელს კი 12 დიდი პარკის რეაბილიტაცია გახორციელდება. ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის წინა სხდომაზე განაცხადა.