იმ ქალაქებს შორის, სადაც დღეს 1000 მშობლის მარში გაიმართა, ლანჩხუთიც იყო.
ძალადობის წინააღმდეგ ქალთა მოძრაობის იმ 100-დღიანი კამპანიის ერთ-ერთი მთავარი ღონისძიება, რომელიც ქობულეთში 14 წლის გოგონას ტრაგედიის შემდეგ დაიწყო, ქალაქის ცენტრალურ სკვერში გაიმართა.
სამწუხაროდ, აქციას რამდენიმე ადამიანი ესწრებოდა, რაც, დიდი ალბათობით, უამინდობამაც განაპირობა.
ლანჩხუთში გამართულ “1000 მშობლის მარშს” უფლებადამცველი ლია მუხაშავრიაც ესწრებოდა. როგორც მან აღნიშნა, იგეგმება ხელმოწერების შეგროვება.
“გამოვაქვეყნებთ პეტიციას, რომ გავაკეთოთ ხელმოწერები. ეს ყველას უბედურებაა და სანამ ყველას სახლში შესულა ეს უბეხურება, ხმა უნდა ავიმაღლოთ. ჩვენი შვილები უნდა გაიზარდონ თავისუფალი ადამიანები, თავისუფალი ყოველგვარი ძალადობისგან, განსაკუთრებით ყველაზე მძიმე და სასტიკი- სექსუალური ძალადობისგან. ეს მოძრაობა არ შემოიფარგლება მხოლოდ ამ ერთი დღით, ის ყოველდღიური უნდა გავხადოთ”, _ აღნიშნა ლია მუხაშავრიამ და მოქალაქეებს მოუწოდა, რომ შემოუერთდეს ამ მოძრაობას.
აქციის მონაწილეთა მოთხოვნებში შედის: შეიცვალოს სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურების მუხლი, რითიც თანხმობის არარსებობა გახდება ცენტრალური ამოსავალი;
შეიქმნას პროკურატურაში სპეციალიზირებული დეპარტამენტი, რომელიც სექსუალური ძალადობის საქმეებს ეფექტიანად გამოიძიებს;
გახდეს სქესობრივი განათლება ფორმალური განათლების ნაწილი, რითაც ბავშვები შეძლებენ სქესობრივი ძალადობის ამოცნობასა და მისგან თავის დაცვას;
გაიზარდოს ფსიქოლოგების და სოციალური მუშაკების რაოდენობა;
დადგეს ნინის საქმის პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი სამსახურებრივი გულგრილობის გამო.