გუშინ, ჩოხატაურში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას “გურია ნიუსთან” თვითმხილველები იხსენებენ.
მათი თქმით, ჯიპის მარკის ავტომანქანა, რომელიც საპირისპირო მიმართულებით მოძრავ დაიჰაცუს მარკის ავტომობილს შეეჯახა, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა.
“წამებში გამოვასწარი, თორემ გამსრესდა. ასეთი არაფერი მინახავს. ჯერ მანქანას დაეჯახა, მერე ხეზე გავარდა და მერე გადაიჩეხა”, _ ამბობს ავტოსაგზაო შემთხვევის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი მაღაზიის თანამშრომელი.
“რეგულაციები თუ არ გამკაცრდა, ასეთ მოქმედებას მძიმე სასჯელი თუ არ დაედო, არაფერი შეიცვლება. სად გვყავს დასაკარგი ბიჭები. აუცილებლად უნდა გამკაცრდეს კანონი. დაქრიან, თავქუდმოგლეჯილები. ხან დრიფტაობენ, ბავშვები დადიან ქუჩაში, მოხუცები გადადიან… ისედაც ვიწრო ქუჩაა. მადლობა ღმერთს, რომ გადარჩნენ, თუ ერქმევათ გადარჩენილები, _ ამბობენ “გურია ნიუსთან” თვითმხილველები.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჩოხატაურის ცენტრში, დუმბაძის ქუჩაზე. მერსედერსის მარკის ავტომანქანა საპირისპირო მიმართულებით მოძრავ დაიჰაცუს მარკის ავტომანქანას შეეჯახა, რომელსაც ლიბერთი ბანკის თანამშრომელი ვაჟა სიხარულიძე მართავდა. შეჯახებისა და გადავარდნის შედეგად მერსედერსის მარკის ავტომობილი აალდა.
მძიმედ დაშავდნენ ავტომანქანების მძღოლები და მერსედერსის მგზავრი.
დაშავებულები ჯერ ჩოხატაურის კლინიკებში გადაიყვანეს, გვიან ღამით კი მათი ჰოსპიტალიზაცია მოხდა ქუთაისის კლინიკებში, სადაც, “გურია ნიუსის” ინფორმაციით, ურთულესი ოპერაციები ჩაუტარდათ.
დაშავებულთა მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას “გურია ნიუსი” მალე შემოგთავაზებთ.
ამავე თემაზე: უმძიმესი ავარიის ვიდეოკადრები
„ამბობენ, ხერხემალი აქვს დაზიანებულიო“ _ მძიმე ავარიის უმძიმესი შედეგები