“ვინმემ მიპასუხეთ, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორია და იქ არსებული ქუჩები ლანჩხუთს აღარ ეკუთვნის?” _ ლანჩხუთის მერიის ფეისბუქგვერდზე კითხვას აჟღერებს თამარ ჩხაიძე.
პრობლემა, რომელიც ლანჩხუთში რკინიგზის სადგურის მიმდებარედაა, არახალია და წლებია, აწუხებს მიმდებარე ტერიტორიის მცხოვრებთ, რის თაობაზეც “გურია ნიუსიც” არაერთხელ წერდა.
აქაურთა ინფორმაციით, სასწრაფო წესითაა მოსაგვარებელი, როგორც სანიაღვრე არხების, ისე გზის საფარის საკითხი.
“რატომღაც ქალაქის ტერიტორიის ის ნაწილი, რომელიც რკინიგზის სადგურის მიმდებარედაა, უკვე ბევრი წელია, ყველასგან მივიწყებულია და აქაურობის მოწესრიგებაზე თავს არავინ იწუხებს. გაუსაძლისია უკვე აქ ცხოვრება _ ინფიცირების კერად იქცევა მალე აქაურობა.
იმის გამო, რომ სანიაღვრე არხები არ იწმინდება, ყოველი წვიმის შემდეგ მოვარდნილი ნიაღვარი პირდაპირ სამანქანო გზაზე მიედინება, ფეხით მოსიარულეებისთვის კი გადაადგილების პრობლემა დგება. ეს არხები ქვეწარმავლებისა და ანტისანიტარიის ბუდედაა ქცეული. ფაქტობრივად, ჭაობია გამხდარი. აუტანელია უკვე ეს ყველაფერი. პირად საუბრებში ყველა აღიარებს, რომ მისახედია აქაურობა, მაგრამ, სამწუხაროდ, რეალურად არაფერი კეთდება”, _ ამბობენ ადამიანები, რომლებიც ლანჩხუთში, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობენ.
რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული პრობლემის თაობაზე ლანჩხუთის მერიაში განმარტავენ, რომ იგეგმება საჭირო ინფრასტრუქტურული სამუშაოების გახორციელება.
[sexy_author_bio]