ოზურგეთში “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატისთვის, ბესო ქათამაძესთვის “ქართული ოცნების” დეპუტატების მიერ ჩხუბის დროს თავზე ჭრილობების მიყენებას, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” კიდევ ერთი პოსტით ეხმაურება.
ის ასევე ბორჯომის გამგებლის მიერ აპრილში, ნიკა მელიასთვის თავში ხელის ჩარტყმას იხსენებს და ორივე შემთხვევას რუსული ტიპის ქმედებებს უწოდებს, რასაც მისი აზრით, ივანიშვილი სხვების დასაშინებლად პარტიის აქტიური ლიდერებზე იყენებს.
“მელიას თავში ჩაარტყა გამგებელმა, ბესო ქათამაძესაც თავში ჩაარტყა კომისიის თავმჯდომარემ, ორივემ მიპარვით, უკნიდან. ეს არ არის შემთხვევითი, რომ ესხმიან თავს სწორედ თანამდებობის პირები და თან სამიზნედ ირჩევენ ყველაზე აქტიურ ლიდერებს, სხვების დასაშინებლად. ესაა კლასიკური რუსული ტიპის ქმედებები. ეს უკვე გახდა ივანიშვილის ხელწერა. თუ ასე გაგრძელდა, ჩვენც უნდა დავაჩქაროთ ოლიგარქის ტერორისგან სამოქალაქო თავდაცვის მშვიდობიანი წინააღმდეგობის მოძრაობის შექმნა“,_წერს სააკაშვილი.