თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომელიც ადასტურებს, რომ „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებული პირი ბადრი ესებუა მოქმედი სამხედრო მოსამსახურე არ არის.
„ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული ტელევიზიის – „მთავარი არხის“ მხრიდან გრძელდება დეზინფორმაციული კამპანია თავდაცვის ძალების წინააღმდეგ, თითქოს ზუგდიდში, ერთ-ერთი ბანკის ფილიალზე თავდამსხმაში ბრალდებული პირი მოქმედი სამხედრო მოსამსახურეა. მიუხედავად იმისა, რომ საჯარო განმარტება გავაკეთეთ, რომ აღნიშნული პირი არ არის მოქმედი სამხედრო მოსამსახურე, ეს ტელევიზია და ზოგიერთი ანგაჟირებული პოლიტიკოსი უგულებელყოფს ამ ფაქტს და შეგნებულად ავრცელებს სრულად საპირისპირო ინფორმაციას. საზოგადოებისა და თავდაცვის ძალების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ვავრცელებთ ოფიციალურ დოკუმენტს, რომლითაც მტკიცდება, რომ თავდასხმაში ბრალდებული პირი ბადრი ესებუა არ არის მოქმედი სამხედრო მოსამსახურე“, – აცხადებს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ მოლოდინაშვილი.