“ქართული ოცნების“ წევრმა და ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნუგზარ გიორგაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფოლკლორის ცენტრში ანსამბლ “ელესას“ საიუბილეო ღონისძიებაზე 41 ცალი სანთელი უნდა აენთოთ.
“2019 წელს სრულდება ფოლკლორულ ანსამბლ “ელესას“ 41 წლისთავი. ფოლკლორის ცენტრში, თათბირზე, გურიის რეგიონის ცენტრის ხელმძღვანელმა, ავთანდილ სურგულაძემ, პროდიუსერების მიერ შეთავაზებული ღონისძიების პროექტი დაიწუნა. როდესაც უთხრეს, რომ აინთებოდა 41 ცალი სანთელი და ამ სანთლებით გამოისახებოდა ციფრი 41, რომელიც სიმბოლურად ასახავდა ანსამბლის საიუბილეო თარიღს, ქვა ააგდო და თავი შეუშვირა _ რა ციფრიც გინდათ გამოსახეთ, 42 ან 45, მაინც ვერავინ ვერაფერს გაიგებს, ოღონდ ეგ საშინელი ციფრი არა, რომელიც „ქართულ ოცნებასთან“ ასოცირდებაო.
ასეთი პიროვნება მართავს ფოლკლორის ცენტრს, რომელსაც ეჯავრება “ქართული ოცნება“, მაგრამ სახელმწიფო ბიუჯეტის ფული კი უყვარს. ბატონ დონაძეს, ნეტავ, ბევრი ჰყავს ასეთი ადამიანები დასაქმებული ამ სფეროში?! ნუთუ, არ იცით, რომ ეს ადამიანი სააკაშვილის მმართველობის პირმშოა?!“ _ წერს გიორგაძე.
“გურია ნიუსი“ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელს ავთანდილ სურგულაძეს დაუკავშირდა:
“ეს არის აბსურდული თემა. ჯერჯერობით, სცენარზე მუშაობა ახლა მიდის. არანაირ სიმართლეს არ შეეფერება ნუგზარ გიორგაძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია და რაზე უნდა გავაკეთო კომენტარი?! ღონისძიებას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდობისა და სარეკრეაციო დაწესებულებათა გაერთიანებასთან ერთად ვაკეთებთ. ახლა მზადდება სცენარი და აპრილის დასაწყისში უნდა გაიმართოს ღონისძიება“, _ გვითხრა ავთანდილ სურგულაძემ.