ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, 5 ნორმატიულ აქტზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას ეყარა კენჭი.
ხუთივე საკითხი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადრეული და სკოლამდელი აღზრდის განყოფილების უფროსმა თემურ მოქიამ წარმოადგინა.
ის საკრებულოს დარბაზში იმ დროს შემოვიდა, როდესაც დეპუტატების წინაშე უნდა წამდგარიყო.
“ეტყობა ჩხიკვმა მოგიტანა ამბავი, დროულად შემოდი“ – უთხრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ თემურ მოქიას.
თემურ მოქიამ ისაუბრა სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების, სასკოლო მზაობის პროგრამის მომსახურების, დაწესებულების შიდა მონიტორინგისა და შეფასების სისტემის, სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების პერსონალისთვის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმებისა და პერსონალის პროფესიული სტანდარტების შესახებ. ნორმატიულ აქტებზე მსჯელობაში საკრებულოს კომისიები და ფრაქციები ჩაერთვებიან.
“მნიშნელოვანი პროცესი გველოდება წინ. როგორც თქვენთვის ცნობილია, საბავშვო ბაღების უმთავრესი ფუნქცია ეს უკვე არის განათლება და აღსაზრდელების სასკოლოდ მომზადება. ეს გახლავთ უმთავრესი საკითხი, რომელიც ეხება მომავალ თაობას და ბავშვების სრულფასოვან განვითარებას, ამიტომ მნიშნელოვანი იქნება თითოეული დეპუტატის მოსაზრება პროექტების შესახებ. მოგიწოდებთ, მაქსიმალურად ჩაერთოთ განხილვის პროცესში და წარმოადგინოთ თქვენი წინადადებები“, _ თქვა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ.