ე.წ. კანიბალიზმის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, კიდევ ერთი პირია დაკავებული. ამის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებრივს მთავარ პროკურატურაში დაუდასტურეს.
უწყების ინფორმაციით, დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს დღეს მიმართავენ.
შეგახსენებთ, მკვლელობა გასული წლის ოქტომბერში მოხდა. საქმე ამ დრომდე სასამართლო განხილვის ეტაპზეა და ორ ნაწილად არის გაყოფილი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი 76 წლის ქალის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ხუთი პირი დააკავა.
სამ მათგანს ბრალი დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობაში ედება, ორს კი – ამავე მკვლელობის შეუტყობინებლობისა და დანაშაულის დაფარვაში. შსს-ს ინფორმაციით, ეს „რიტუალური მკვლელობა“ იყო.
გამოძიების ინფორმაციით, 19 წლის ირმა ყოჩიაშვილმა შეყვარებულის – 23 წლის ბექა შენგელიას და კიდევ ერთი არასრულწლოვანი მეგობრის დახმარებით, დედა – 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილი ელექტროშოკით გაგუდა, რის შემდეგაც მოხუცი დანის ჩარტყმით მოკლეს, დაანაწევრეს და ცხედარი ჩანთებით ბექა შენგელიას ნაქირავებ ბინაში გადაიტანეს. გვამი საბოლოოდ, გლდანის ყოფილ ნაგავსაყრელზე მიიტანეს და დაწვეს.
ამასთან, საქმის პროკურორის ინფორმაციით, ერთ-ერთმა ბრალდებულმა გარდაცვლილი ქალის სხეული ჯერ დაანაწევრა, შემდეგ კი – შეჭამა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დედის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულსა და აღნიშნულ საქმეზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გასული წლის 6 ნოემბერს შეუფარდა.