ე.წ პიჯაკების საქმეზე დღევანდელი სასამართლო პროცესი გადაიდო. სხდომაზე ბრალდების მხარის ერთ-ერთი მთავარი მოწმის ოთარ ქველიძეს გამოკითხვა იყო დაგეგმილი.
ქველიძე სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს თემურ ჯანაშიას დანიშვნამდე ხელმძღვანელობდა. მისი დაკითხვა 16 მაისს, 11:00 საათზე მოხდება.
დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე შუამდგომლობა დააყენეს თემურ ჯანაშიას უფლებადამცველებმაც. ბექა ბასილაიას განცხადებით, წერილი, რომელიც მან პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გამოითხოვა ადასტურებს, რომ 2013 წლიდან, ისევე როგორც მანამდე, პრეზიდენტისთვის გარკვეული თანხები იხარჯებოდა და ის გრიფით საიდუმლოა. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობები არ გაითვალისწინა.
„პროკურატურა ამბობს, რომ ფარული ხარჯები უკანონოდ იყო ფარულიო. დღეს გვაქვს მოცემულობა, რომ 2019 წელსაც კი მსჯელობენ ფარული უდნა ყოფილიყო, თუ არ უნდა ყოფილიყო და დღემდე ფარულია. ეს ადასტურებს ორ გარემოებას: ერთი, თეიმურაზ ჯანაშიას მიმართ მიმდინარეობს შერჩევითი მართლმსაჯულება, მეორე – საპრეზიდენტო ხარჯები გაიწეოდა და გაიწევა დღესაც მიუხედავად იმისა, ვინ იმყოფება ხელისუფლებაში”, _ აცხადებს ბასილაია.