ე.წ. „ფიშინგის” გზით ბანკების მომხმარებელების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების ქურდობის ფაქტზე ბრალდებულებს 8 -8 და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ე.წ. „ფიშინგის” გზით, ს.ს. „საქართველოს ბანკის” და ს.ს. „თი ბი სი ბანკის” მომხმარებელების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების ქურდობის ფაქტზე ბრალდებულები თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები – მ.დ. და მ.ა., ასევე საქართველოს მოქალაქე მ.ბ. დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ მ.დ., მ.ა., და მ.ბ. უნებართვოდ დაამზადეს კომპიუტერული პროგრამა და სოციალურ ქსელ „ფეისბუქის” მეშვეობით ავრცელებდნენ ბანკების სხვადასხვა რეკლამას, სადაც განთავსებული ჰქონდათ ე.წ. „ფიშერული” ბმული, რომელიც ვიზუალურად ინტერნეტ ბანკის გვერდს ჰგავდა. შეცდომაში შესული მომხმარებლები ხსნიდნენ აღნიშნულ ბმულს და მონაცემები შეჰყავდათ, რომლებიც ავტომატურად იგზავნებოდა ბრალდებულებთან. აღნიშნული პირები ავტორიზაციის მონაცემების გამოყენებით უნებართვოდ შედიოდნენ დაზარალებულების ინტერნეტ ბანკის მომხმარებლის ანგარიშზე და თანხებს მათ სარგებლობაში არსებულ ანგარიშებზე რიცხავდნენ.
აღნიშნული სქემით მ.დ. მ.ა. და მ.ბ. დაზარალებულების კუთვნილ 139 000 ლარს დაეუფლნენ.
სამართალდამცველებმა მ.დ. და მ.ა., 2019 წლის 19 აპრილს, ხოლო მ.ბ. 14 მაისს ქ.თბილისში დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით (კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) 158-ე მუხლის პირველი ნაწილით (კომპიუტერული მონაცემის უნებართვო შენახვა) 285-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით (კომპიუტერული პროგრამის უნებართვო დამზადება, შენახვა და გავრცელება) 286 -ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით (კომპიუტერული მონაცემის უნებართვო შეცვლა ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) და 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” და მე-4 ნაწილის „ა” ქვეპუნქტებით (ქურდობა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ სამივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად მ.დ.-ს და მ.ა.-ს 8-8 წლით თავისუფლების აღკვეთა და თითოეულს ჯარიმა 40 000 ლარის ოდენობით, ხოლო მ.ბ-ს განესაზღვრა 5 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.