საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) ადასტურებს ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მომხდარ ინციდენტს. რადიო თავისუფლებას მისიაში უთხრეს, რომ ინციდენტის შედეგადაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს არაფერი დაშავებიათ, „მათ იმოქმედეს უსაფრთხოების პროტოკოლიდან გამომდინარე და დატოვეს კონფლიქტის ზონა“.
ამ საკითხს ერგნეთში დღეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მიმდინარე 110-ე შეხვედრაზე განიხილავენ.
“ანტისაოკუპაციო მოძრაობის” წარმომადგენელმა დავით ქაცარავამ სოციალური ქსელით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, „პარასკევს, 13 იანვარს, სოფელ მეჯვრისხევში ჩასულ EUMM-ის სამონიტორინგო ჯგუფს რუსებმა “ცეცხლი” ჰაერში შეაგებეს. წადითო“. ქაცარავას განცხადებით, ინფორმაცია მომხდარზე თვითმხილველებისგან მიიღო.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში შეუიარაღებელი სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიაა. ის ევროკავშირის მიერ 2008 წლის 15 სექტემბერს შეიქმნა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. თუმცა რუსეთის ხელისუფლება და ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკები მათ კონტროლირებად ტერიტორიაზე მისიის დაშვებაზე კვლავ უარს ამბობენ.
წყარო: რადიო თავისუფლება