ეუთოში აშშ-ს მუდმივმოქმედი მისია რუსული საოკუპაციო ძალების მიერ ცხინვალის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის დაჭრის ფაქტს გმობს. ამის შესახებ მისიის პოლიტიკურმა მრჩეველმა ლეინ ბალმა განაცხადა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„ჩვენ მკაცრად ვგმობთ საქართველოს მოქალაქის დაჭრასა და შემდგომ დაკავებას და მოვითხოვთ მის დაუყოვნებელ განთავისუფლებას“ – ნათქვამია მისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
განცხადების თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს შეასრულოს „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“ 2008 წლის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება და კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე დააბრუნოს თავისი საჯარისო ნაწილები, ასევე უზრუნველყოს ჰუმანიტარული დახმარების დაუბრკოლებელი გაწევა. „კატეგორიულად აუცილებელია, რომ რუსეთმა შეწყვიტოს თავისი მადესტაბილიზებელი ქმედებები, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის შეთანხმება და დაასრულოს საქართველოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონების ოკუპაცია“, – ვკითხულობთ ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში, სადაც ასევე ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
11 ივლისს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძე დაჭრეს და გაიტაცეს. ზაზა გახელაძე კვლავ საოკუპაციო ძალების ტყვეობაში რჩება.