საქართველოში ყველაზე დიდი ონლაინკაზინო „ევოლუშენ საქართველო“ წყვეტს თანამშრომლობას იმ მენეჯერებთან, რომლებიც თანამშრომლებს დასცინოდნენ და შეურაცხმყოფლად მოიხსენიებდნენ. რადიო თავისუფლებას კომპანიაში უთხრეს, რომ გაათავისუფლეს 20-მდე თანამშრომელი.
„მზად ვართ, მივიღოთ ყველა დამატებითი ზომა, რათა აღმოვფხვრათ მსგავსი ინციდენტების განმეორების რისკი და სწორედ ამიტომ, ვაგრძელებთ საკითხის შემდგომ შესწავლას,“ – წერია კომპანიის განცხადებაში.
„ევოლუშენის“ თანამშრომლები სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით 12 ივლისს გაიფიცნენ. ისინი ამბობენ, რომ პროტესტს 4000-ზე მეტი დასაქმებული უერთდება. ათობით მოთხოვნას შორის ერთ-ერთი იყო იმ მენეჯერების გათავისუფლება, რომლებიც თანამშრომლების დაცინვაში იყვნენ შემჩნეული.
გაფიცვას წინ უსწრებდა 2 ივლისს “ევოლუშენ ჯორჯიას“ მენეჯერების ერთი ჯგუფის მიმოწერის გასაჯაროება ონლაინმედიაპლატფორმა „მაუწყებლის“ ფეისბუკგვერდზე. მიმოწერაში ისინი დასაქმებულებს კამერების საშუალებით აკვირდებიან და შეურაცხმყოფლად მოიხსენიებენ – დასცინიან დილერებს ფრჩხილის სიგრძის, ჩაცმულობის, წონის თუ კანის ფერის გამო.