ფრაქცია „ლანჩხუთი -ევროატლანტიკური მომავლისთვის“ წევრები ა(ა)იპ საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის „გურიას“ აუდიტორულ შემოწმებას ითხოვენ. მათ ამ საკითხთან დაკავშირებით ფრაქციის სხდომაზე იმსჯელეს, სადაც გამგეობის აუდიტის სამსახურის უფროსი გია ნაჭყებიაც ჰყავდათ მიწვეული.
„როგორც ამბობენ, კლუბში სპონსორი მხოლოდ იმ შემთხვევაში მოვა, თუ ვალების აღიარება მოხდება. საინტერესოა, რამდენია ეს ვალი. ამის მოკვლევა საკრებულომ გამგეობის აუდიტის სამსახურს სთხოვა, მაგრამ, როგორც ჩანს, ამის თაობაზე სამსახურს არ მიუღია დავალება გამგებლისგან. კიდევ ერთხელ წავიდა აღმასრულებელი რგოლი საკრებულოს ნების წინააღმდეგ. საინტერესოა, რას აპირებს აუდიტის სამსახური?!“, _ კითხვით მიმართეს ფრაქციის წევრებმა გია ნაჭყებიას.
აუდიტის სამსახურის უფროსის მიერ გაკეთებული განმარტებით გაირკვა, რომ მისი სამსახური ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებული გეგმის შესაბამისად მოქმედებს და რადგან კლუბის შემოწმება გასულ წელს მოხდა, ამიტომაც ამჯერზე არ იგეგმება „გურიაში“ შესვლა. მითუმეტეს, რომ „გურიას“ საკითხს ანტიკორუფციული სამსახური სწავლობს.
„ნამდვილად არ მიგვიღია გამგებლისგან დავალება, რომ საფეხბურთო კლუბში შევიდეთ და შევამოწმოთ. ჩვენთან მხოლოდ საკრებულოს სხდომის ოქმი მოვიდა, სადაც ნათქვამია, რომ მოხდეს კლუბის აუდიტორული შემოწმება. ჩვენ იმ გეგმის შესაბამისად ვმუშაობთ, რომელიც ფინანსთა სამინისტროსთანაა შეთანხმებული. ახლა ბაღების გაერთიანებას ვამოწმებთ, ასე უცებ ვერ შევწყვეთ მას და კლუბში ვერ შევალთ. თან რამდენადაც ვიცი, „გურიას“ საქმიანობას ანტიკორუფციული სამსახური სწავლობს, ის იმავეს აკეთებს ციფრების კუთხითაც, რაც ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა“, _ ამბობს გია ნაჭყებია, რომლის შეფასებით, დარღვევაა, როცა ა(ა)იპ წელს ვალით ამთავრებს.