ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
როგორც უწყებაში ამბობენ, მომხდარი ორივე ქვეყნის მოქალაქეებზე უარყოფით გავლენას ახდენს:
„მიგვაჩნია, რომ რუსეთის გადაწყვეტილება საქართველოში ფრენების აკრძალვასთან დაკავშირებით გაუმართლებელი და არაპროპორციულია.
გარდა ამისა, 27 ივნისიდან, აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარის საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე დაწესებული შეზღუდვები სასტიკად იმოქმედებს მოძრაობის თავისუფლებაზე და სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას.
ისინი უნდა გაიხსნას, რომ თავიდან იქნას აცილებული შემდგომი ჰუმანიტარული სირთულეები.
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების რაუნდი ეფექტურად უნდა იყოს გამოყენებული დაძაბულობის შესამცირებლად და დაზარალებულთა მდგომარეობის შესამსუბუქებლად.
ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, _ ნათქვამია განცხადებაში.